ქუთაისში სალომე ჯაშის ფილმის ,,მოთვინიერება” ჩვენება და საჯარო დისკუსია გაიმართა.
ხე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სიმბოლო, სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით გვხვდება. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ბავშვის გაჩენასთან ერთად მის სახელზე ხეს რგავდნენ, როგორც სიცოცხლის ხის სიმბოლოს. გვხვდება ,,ნატვრის ხის სიმბოლიკაც, რომელიც სურვილების ასრულებასთანაა დაკავშირებული. სიმბოლური დატვირთვა აქვს ხეს სალომე ჯაშის ფილმშიც, რომელიც ქუთაისში, კინო ,,საქართველოს” ეკრანზე 17-18 დეკემბერს გავიდა.
ფილმი ზღვისპიერთში არსებული ასწლოვანი ხეების დენდროლოგიურ პარკში გადატანის პროცესს ასახავს. ისტორიული ხეების მოჭრა და ადაპტირებულ გარემოში გადატანა მოსახლეობამ სხვადასხვაგვარად შეაფასა, ზოგისთვის ეს პროცესი მისაღები და პრაგმატულია, ზოგი მრავალწლოვანი, მათი ისტორიის შემნახველი ხეების მოჭრას ემოციურად უყურებს, ზოგი ნაკლებად ემოციურად. თუმცა რეალურად რა მიზანი აქვს ბიძინა ივანიშვილის უხილავ ხელს, ხეების მოჭრა მისი უბრალო ახირებაა თუ გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ამით ქვეყანას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, ამ საკითხზე დასკვნა თავად მაყურებელმა უნდა გამოიტანოს. ფილმში მოვლენები სხვადასხვა ასპექტითაა გაშუქებული და საბოლოო ანალიზი საზოგადოებაზეა მინდობილი. ფაქტი კი ერთია – ხეები თავისუფალი გარემოდან დენდროლოგიურ პარკში გადაიტანეს და მათი ,,თავისუფლება” ჩარჩოებში მოაქციეს. უხილავ ხელს ბუნებისადმი არც მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს, როგორც ეს დასავლურ კულტურებში ჩანს; არც საჭვრეტად, საცქერად, ესთეტიკური ტკბობის მისაღებად სჭირდება, როგორც აღმოსავლურ კულტურებში და აზროვნებაშია ასახული; არამედ აქ მესამე გაგება შემოდის-ის ბუნების მოთვინიერებას, საკუთარ ნებაზე გარდაქმნას ცდილობს. ძირფესვიანად ხის მოჭრა და ადაპტირებულ გარემოში გადარგვა ხეს სიცოცხლეს უნარჩუნებს, თუმცა თავისუფლებას უკარგავს. საზღვრებში მოქცეული ხეები და ბუნების თავისუფლების წინააღმდეგ სვლა – აი, ქვაკუთხედი ფილმის. ხოლო რა შედეგით დასრულდება ბუნების მოთვინიერება, ამ საკითხზე ზღვის უკანმოტოვებული ტალღების სახით დარჩენილი მრავალწერტილები უსასრულობისა და პასუხგაუცემელი კითხვების ასოციაციას ქმნიან.
და მაინც რა არის ხე? რას გამოხატავს ის? სიცოცხლის ღერძი? თუ სიცოცხლის საწყისი? ან იქნებ ჩვენი მეხსიერება, ჩვენი ბავშვობის საქანელა, ჩვენი და ჩვენი წინაპრების ისტორია? ან ის რელიქვია, რომელიც ფასდაუდებელი საგანძურია? რთულია გასცე კითხვაზე ზუსტი პასუხი, რადგან რეჟოსორმა ფილმი იმგვარად შეკრა, რომ მაყურებელს ინტერპეტაციისთვის თავისუფალი სივრცე დაუტოვა. ჰოდა თავად მაყურებელმა გადაწყვიტოს, რის სიმბოლოა ხე.