ქუთაისში, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის “მოთვინიერება” პრემიერა გაიმართა.
ფილმის პრემიერა ქუთაისში, კინოთეატრ “საქართველოში” 17 დეკემბერს შედგა.
ფილმი „მოთვინიერება“ (Taming the Garden) სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს კოპროდუქციაა.
საქართველოს მხრიდან ფილმზე Sakdoc Film მუშაობდა. ფილმი სალომე ჯაშის ბოლო ნამუშევარია, რეჟისორი კი გოგა დევდარიანია.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2021 წელს სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, ხოლო ევროპული პრემიერა – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ფილმი ევროპული კინოდაჯილდოების ნომინანტია. “მოთვინიერება” წარდგენილი იყო მსოფლიოს 100-მდე კინოფესტივალზე.
“საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ყველაზე შეძლებულ კაცს ქვეყანაში, გამორჩეული ჰობი აქვს. ის დიდ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი ხელქვეითები აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ზღვისპირეთიდან რთული საინჟინრო მექანიზმებით ძირფესვიანად თხრიან ხეებს, მიაგორებენ ხმელეთზე, მიაცურებენ ზღვით და ბოლოს მის კერძო ბაღში რგავენ. ბაღი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის სახელითაა ცნობილი. ფილმი საქართველოში ყველასთვის ცნობილ პროცესს ასახავს – ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების შესყიდვასა და გადარგვას. თუმცა ფილმში ამბავი ალეგორიულადაა მოთხრობილი, როგორც მითი ბუნების, ფილმისსამყაროს მოთვინიერების შესახებ.”
რეჟისორი სალომე ჯაში “ძველ ქალაქთან” საუბრისას ამბობს, რომ ფილმი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის კრიტიკა ან ქება, ფილმი იძლევა სივრცეს აჩვენოს და საზოგადოება დააფიქროს იმ მრავალ შრეზე, რომელშიც ვცხოვრობთ:
“ფილმი ერთი მხრივ, ასახავს ყველასთვის ცნობილ პროცესს საქართველოში – ბიძინა ივანიშვილის მიერ დიდი ასწლოვანი ხეების შეგროვებას საქართველოს სასაზღვრო რეგიონებიდან.
ფილმი წარმოაჩენს ამ ამბავს, როგორც მეტაფორას, როგორც ალეგორიას. ფილმი არ არის ცალსახად რომელიმე პოლიტიკური პარტიის კრიტიკა ან ქება დიდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს მაყურებელმა . ეს არ არის არც პროპაგანდა, არც ცალსახა კრიტიკა, არამედ, ფილმი იძლევა სივრცეს, რომ ვაჩვენოთ და დავფიქრდეთ იმ მრავალ შრეზე, რომელიც თან ახლდა ამ პროექტს და იმ მრავალშრიან სიტუაციაში რომელშიც ვცხოვრობთ ჩვენ”, – რეჟისორი სალომე ჯაში.
სალომე ჯაშის ფილმის ნახვა ქუთაისელ მაყურებლებს დღეს, 18 დეკემბერს – 15:00; 19:00-ზე შეუძლიათ. ფილმზე დასწრება უფასოა, დასასრულს კი მაყურებელს დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს.
ფილმის ჩვენებები ღია საზოგადოების ფონდისა და ჰანრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
ქუთაისის შემდეგ, კინო ჩვენება დასავლეთ საქართველოს რეგიონებში – აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და რაჭაში გაიმართება.