საინიციატივო ჯგუფის გამცხადებას უცვლელად გთავაზობთ
“ოქროს ჩარდახის” რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტმა პროფესიულ წრეებში და საზოგადოების დიდ ნაწილში არაერთი კითხვა გააჩინა.
ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ პროექტის დამტკიცებამდე, ეროვნული კატეგორიის ძეგლის რეაბილიტაციის საჭიროება და ასეთის შემთხვევაში, საუკეთესო პროექტზე მსჯელობა არ გამხდარა ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი. ძეგლის რეაბილიტაციისთვის შერჩეული მეთოდიკის გარდა, კითხვებს იწვევდა გარკვეული აცდენები არქიტექტურულ და კონსტრუქციულ პროექტში. განსაკუთრებით საკამათო აღმოჩნდა, თუ რამდენად მართებული იყო და კონკრეტულად რომელი ისტორიული წყაროები და კონცეპტუალური გააზრება დაედო საფუძვლად ძეგლის სახურავის ცვლილებას. მაშინ, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტა, კერძოდ პარაპეტის დამატება, მთლიანად ცვლის ძეგლის არსებულ იერსახეს. რაც გახდა სწორედ საზოგადოებისა და პროფესიული წრეების უკმაყოფილების მიზეზი. კრიტიკისა და შეშფოთების საგანი გახდა ასევე ძეგლის ყველაზე ძველი ნაწილის, მე-17 საუკუნის თაღების შემინვა და სხვასაკითხები.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 16 მაისს წერილობით მივმართეთ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს. მიმართვის ტექსტი ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, რადგან, მაღალი საჯარო ინტერესის გამო, იმავე დღესვე, მან პეტიციის სახე შეიძინა. პეტიციას ხელს აწერს 1 495 მოქალაქე. წერილობითი მიმართვის მიზანი იყო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გამართულიყო შეხვედრა “ოქროს ჩარდახის” პროექტის ირგვლივ არსებულ საკამათო საკითხებზე. ხოლო ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო: პროექტისგუნდის წევრებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, საინიციატივო ჯგუფის წევრებს, ასევე პროფესიული წრეებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებს.
1 ივნისს ქ. ქუთაისის მერიაში გაიმართა შეხვედრა “ოქროს ჩარდახის” რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, სადაც მიწვეული იყო საინიციატივო ჯგუფის – “ოქროს ჩარდახი”, ორი წვერი: სოფო ზვიადაძე და მარიამ ქარჩხაძე. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თანამშრომლობის დაწყება და კონსტრუქციული დიალოგით ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საუკეთესო რეაბილიტაციას. შეხვედრა ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში. რადგან საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვედრის შესახებ ეცნოთ 31 მაისს, ნაშუადღევს. ისინი ონლაინ ესწრებოდნენ შეხვედრას. სამომავლოდ, სასურველია, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეები ინფორმირებული იყვნენ უფრო ადრე, რათა არსებობდეს რაციონალური დრო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული ფორმატით გამართულ შეხვედრაზე განხილული არ ყოფილა ყველა საკითხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და აღელვებს. მხოლოდ რამდენიმე საკითხი სგანხილვა იქნა შესაძლებელი. რაც ასევე დამატებით საჭიროებს დისკუსიის გაგრძელებას და გარკვეული კონსენსუსის მიღწევას.
ამასთან, აღვნიშნავთ, რომ პროცესის სანდოობისა და “ოქროს ჩარდახის” რეაბილიტაციის პროექტის საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს მორიგი შეხვედრა ურთიერთთანამშრომლობის ატმოსფეროში. საინიციატივო ჯგუფი გამოხატავს მზაობას და ელის ასეთ სამუშაო შეხვედრას, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ჯგუფის მეტ წევრს, რომელთა შორის არიან მაღალკვალიფიციური და ნდობით აღჭურვილი დარგის სპეციალისტები (ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტურის ისტორიკოსები და სხვა სპეციალისტები). “ოქროს ჩარდახი” არამხოლოდ ქუთაისის ურბანული მეხსიერებისა და ისტორიის ნაწილია, არამედ, ის არის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და მონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპზე დაყრდნობით წარმართოს.
ქუთაისი, 9 ივნისი, 2023