ქუთაისის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო.

ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის მომზადების ფარგლებში,  პირველ შეხვედრას კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქუთაისის მერია  კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესს  საგანამანათლებლო და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებთან წარმართავს.

სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება კონკრეტული მეთოდოლოგიით მოხდება.  კონკრეტული პროექტები EU4Culture  ფარგლებში, კი 2021 – 2024 წლებში განხორციელდება.

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესს ქუთაისის მერიაში შემქნილი სტრატეგიის სამუშაო ჯგუფი Creative solution ახორციელებს.

ქუთაისის მერმა თავი აარიდა ჟურნალისტის კითხვას, ქუთაისში კულტურის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ  ქუთაისისთვის კულტურა იქნება მთავარი და ამოსავალი წერტილი. დოკუმენტი ქალაქს მისცემს შესაძლებლობას, კულტურის განვითარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

“დღეს, ჩვენს ქალაქში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადება. ეს გახლავთ კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. ეს არის საგრანტო კონკურსი, რომელშიც ჩვენმა ქალაქმა გაიმარჯვა და 6 თვის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ჩვენ თანაქალაქელებთან ერთად კულტურისა და შემოქმედებითი ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად შევძლოთ და დავსახოთ კონკრეტული გზები ამ მიმართულებით.
მინდა გითხრათ, რომ უმნიშვნელოვანესი მდგენები მომზადების პროცესში გახლავთ საჯარო და კერძო ჩართულობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს კულტურის წარმომადგენლებთან მივიდეთ, ერთად ვისაუბროთ და წინ წამოვიწიოთ ის გამოწვევები, რომელიც დღეს კულტურის სფეროში გაგვაჩნია.
ჩვენ გვექნება მკაფიოდ გამოსახული დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს როგორც კულტურის, ასევე კრეატიული ინდუსტრიის გარდაქმნას და კიდევ უფრო მეტად ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის.”-  ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

Creative Solution – ის წარმომადგენლის ზვიად მჭედლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ქუთაისს ჰქონდეს კულტურის სტრატეგია და თუ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, სტრატეგია მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ქალაქის კულტურული განვითარების მხრივ.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ქუთაისს ჰქონდეს კულტურის სტრატეგია. დღეს მოგვეცა საშუალება, რომ ეს პროცესი დავიწყოთ. ამაში გვეხმარება ევროკავშირი და ევროკავშირის პროგრამა. მერიასთან აქტიური მუშაობით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქუთაისი არის პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული ქალაქი. თუ საზოგადოება ჩაერთვება და მოინდომებს ეს სტრატეგია აუცილებლად მოიტანს დიდ შედეგს ქალაქის კულტურული განვითარების მხრივ,” – ზვიად მჭედლიშვილი

კულტურის სტრატეგიის შექმნას მიესალმებიან და გარკვეული მოლოდინები შეექმნათ ქუთაისში კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს.

მერაბ გოგონაძე, რომელიც ტურიზმის სფეროს წარმოადგენს, მიიჩნევს, რომ აუცილებელია ყველა სტრატეგიას ახლდეს გათვლა, თუ რა ეკონომიკური თანმიმდევრულობით მოხდება სტრატეგის განხორციელება. ის მიიჩნევს, რომ თუ არ იქნა სწორი გათვლა, როგორ უნდა მოხდეს კულტურის სფეროს თვითდაფინანსება მათ შორის, ეს იქნება მორიგი სტრატეგია, რომელიც თაროზე იქნება შემოდებული.

“სტრატეგია ყველა საქმეში მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჩართულ მხარეს, ძალიან ფართო არეალი არის და ყველას განსხვავებული მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს. ჩემი მოლოდინი როგორც მოქალაქის, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლის არის ის, რომ ქალაქი მომავალ წლებში იყოს მზად, ნებისმიერი საქმიანობა იყოს გრძელვადიანი, მათ შორის, კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით. მათ შეძლონ თვითდაფინანსებაზე მუშაობა და არ იყოს ყველაფერი ჩამოკიდებული ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტზე.

აუცილებელია ყველა სტრატეგიას ახლდეს გათვლა, თუ რა ეკონომიკური თანმიმდევრულობით შეიძლება განვითარდეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. თუ ეს ყველაფერი არ იქნა გათვალისწინებული, თუ არ იქნა სწორი გათვლა, თუ როგორ უნდა მოხდეს თვითდაფინანსება მათ შორის, ეს იქნება მორიგი სტრატეგია, რომელიც იქნება თაროზე შემოდებული და არ იქნება განხორციელებული,” – მერაბ გოგონაძე, ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი.

კულტურის სტრატეგიის შემქნისთვის ქუთაისში კიდევ 12 შეხვედრა გაიმართება. ქალაქს კულტურის სტრატეგია 6 თვეში ექნება, საბოლოოდ, კი დოკუმენტი ქალაქის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

ამის შემდეგ, ქუთაისის კულტურის სტრატეგია კიდევ ერთ კონკურსს გაივლის და გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქი კულტურის განვითარებისთვის 300 000 ევროს მიიღებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *