მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის
სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, რესტავრაციის დროს უნდა შენარჩუნდეს შენობის ისტორიული იერსახე, რადგან გალერეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
შენობა უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ამავდროულად იგეგმება ლიფტის დამონტაჟება.
“ვინაიდან, გალერეა, განიცდის ფართის ნაკლებობას, საპროექტო წინადადებაში გათვალისწინებული უნდა იყოს შენობის შიდა ეზოში ღია საგამოფენო სივრცის მოწყობა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შიდა ტერიტორიის განვითარებით მიშენების ოპტიმალური ვარიანტის გადაწყვეტა (დამატებითი ფართების განთავსების მიზნით) და არსებული შენობის და მიშენების ადაპტაციას. შენობაში ასევე უნდა მოეწყოს ლიფტი და შენობა უნდა ადაპტირდეს შშმ პირებისთვის.” – წერია სატენდერო დოკუმენტაციის დანართში.
გარდა ამისა იგეგმება ეზოს კეთილმოწყობა. უნდა გაიდგას სკამები, ნაგვის ურნები, მანიშნებლები და ა.შ.
სატენდენო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს შენობის გარშემო ვიზიტორთა და მომუშავე პერსონალის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. “ამისათვის აუცილებელია გალერიისთვის მოეწყოს მცირე ავტოსადგომი მსუბუქი ტრანსპორტისათვის (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის) და ავტობუსებისათვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტოსადგომის მოწყობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტერიტორიის აღქმას.” – წერია სატენდერო დოკუმენტაციის დანართში.
გალერეა უნდა იყოს აღჭურვილი თანამედროვე საინჟინრო მოწყობილობებით. გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროენერგიისა და წყლის მომარაგების, კანალიზაციის, გათბობა – კონდიცირების, ვენტილაციის, სახანძრო სიგნალიზაციისა და უსაფრთხოების სისტემები.
უნდა მოეწყოს :
ჰოლი – ვიზიტორების მისაღები სივრცე – ეგრეთწოდებული საზოგადოებრივი სივრცე – შესაძლებელი უნდა იყოს ერთდრულად რამდენიმე ჯგუფის მიღება;
სალარო და საინფორმაციო კუთხე – 2 სამუშაო ადგილის გათვალისწინებით + სივრცე საინფორმაციო დანიშნულების მქონე მასალის განსათავსებლად (ბროშურები და ა.შ.);
ტექნოლოგიური კუთხე – შესამჩნევ ადგილზე ჰოლში (ინტერაქტიული ეკრანი);
სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთხე – 1 სამუშაო ადგილის მოწყობის გათვალისწინებით;
გარდერობი – ტანსაცმლის, დიდი ზომის ჩანთების, ქოლგებისა და საგამოფენო დარბაზებში აკრძალული სხვა ინვენტარის მისაღებად (ერთდროულად არანაკლებ 45 ვიზიტორის ნივთების შესანახად გათვლილი);
სველი წერტილები – სველი წერტილები ქალებისთვის და მამაკაცებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ვიზიტორებისთვის, სასურველია მოეწყოს ჩვილ ბავშვთა მოსავლელად მაგიდა;
მაღაზია – არანაკლებ 30 კმ.მ. საწყობის გათვალისწინებით – დახლებით, თაროებით, სალარო და სხვა საჭირო ავეჯისა და ინვენტარის გათვალისწინებით;
გიდებისა და ზედამხედველების ოთახი – სამუშაო ადგილი 2-3 ადამიანისთვის. სასურველია ჰოლის მიმდებარედ.
გალერეას უნდა ჰქონდეს მუდმივმოქმედი ექსპოზიციის დარბაზი და ასევე დროებითი ექსპოზიციების დარბაზი სამუზეუმო ექსპონატების დროებითი გამოფენებისთვის.
გალერეის პროექტირებისათვის 180 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ამავე თემაზე : ქუთაისში დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადდა
ფოტო:რადიო “ძველი ქალაქი”