მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის
სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა.
პროექტირებისათვის 180 ათასი ლარია გათვალისწინებული. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, რესტავრაციის დროს უნდა შენარჩუნდეს შენობის ისტორიული იერსახე, რადგან გალერეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
სატენდერო წინადადებების მიღება 4 მაისს დაიწყება და 7 მაისს დასრულდება.
შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში რიონისპირა სახლების გარდა, დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციის დაწყება დააანონსა. დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაც განაცხადა.
გალერეა 1976 წელს დაარსდა და მასში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გალერეის ოქროს ფონდში 3000-მდე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 ექსპონატი ინახება: ნიკო ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის და სხვათა ფერწერული თუ სკულპტურული ნამუშევრები.
ფოტო:რადიო “ძველი ქალაქი”