ჟურნალის “განთიადი” 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსწავლეებისა
და მასწავლებლების შემოქმედებითი კონკურსი გაიმართა. 130 წლის წინ ჟურნალი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა დაარსეს. ჟურნალის მეფის მთავრობამ ეროვნული სულისკვეთების გამო სამჯერ დახურა, თუმცა სამივეჯერ აღდგა. ოქროს ჩარდახში ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. სხვადასხვა ნომინაციაში 19 კონკურსანტი, მოსწავლეები და მასწავლებელი დაჯილდოვდნენ.
“ეს ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს. განსაკუთრებით ჟურნალს “განთიადი” რომლის ინიციატივითაც ჩატარდა ეს კონკურსი”, – განაცხადა პროზის ნომინაციაში გამარჯვებულმა ნორა სიხარულიძემ.
კონკურსში გამარჯვებულებს მიულოცა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
“მიხარია, რომ “განთიადი” უკვე ორი წელია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს. კულტურულ მემკვიდრეობას მაქსიმალური პატივისცემა სჭირდება. მადლობა მინდა გადავიხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ჟურნალზე მუშაობაში, როგორც ვიცი ზოგი სიმბოლურ ფასად, ზოგიც უხელფასოდ მუშაობს და არ დაიშალნენ. ეს თუ დაიშალა აწყობა იოლი ვერ იქნება. ვულოცავ კონკურსში გამარჯვებულებს და ორგანიზატორებსაც მადლობა. კარგი იქნება თუ “განთიადის” შესახებ პედაგოგები ქართულის ან ისტორიის გაკვეთილზე თუ გამონახავენ დროს და ამ ჟურნალის შესახებ მოუყვებიან ბავშვებს, მოამზადებენ პრეზენტაციებს. ვფიქრობ, ეს ძალიან რთული არ იქნება”,- განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
“კონკურსში 50-ზე მეტმა რაიონმა მიიღო მონაწილეობა, 500-ზე მეტი მასალა შემოვიდა. კონკურსის გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურში შევიყვანეთ უნივერსიტეტის ლექტორი გია ხოფერია, აკადემიკოსი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და პოეტი გენადი მარგველაშვილი, რედაქტორის მოადგილე თეიმურაზ ამყოლაძე, მწერალი და კრიტიკოსი ელგუჯა თავბერიძე, რომელიც ასევე სტამბის დირექტორია და უსასყიდლოდ დაგვიბეჭდა სიგელები და დიპლომები”,- განაცხადა ჟურნალ “განთიადის” მთავარმა რედაქტორმა თემურ ყურაშვილმა.
ჟურნალი “განთიადი” 1887 წელს დაარსდა. წელს მას 130 წელი შეუსრულდა. მსოფლიოში “განთიადის” გარდა კიდევ ორი ორასწლოვანი მოქმედი ჟურნალი არსებობს.