ვანდალიზმი ქუთაისის ცენტრში – უცნობმა პირებმა პროექტის “ლექსი კედელზე” ფარგლებში
გაკეთებული წარწერა ფალიაშვილის ქუჩაზე დააზიანეს. ლესია უკრაინკას ლექსი მთლიანად ჩამოხსნილია. ამავე ქუჩაზე ე.წ. “პასაჟებში” ადამ მიცკევიჩის ლექსის ხელნაწერების ნაწილია კედელზე დარჩენილი. პროექტის ავტორი შალვა კამლაძე მომხდარს ვანდალიზმს უწოდებს და ამბობს, რომ წარწერებს კედელზე აუცილებლად აღადგენს, პროექტიც გაგრძელდება.
“როდესაც ეს მიმართულება დავიწყეთ მქონდა იმის განცდა, რომ შეიძლება ვანდალური ქმედებები განხორციელებულიყო. არ დაგიმალავთ ჩემს პოზიციას, საზღვარგარეთ მსოფლიო პრესის ფურცლებით კედელია გაკეთებული და ერთმა ქალბატონმა თქვა ისე მაგრად მიუწებებიათ ჩამოხევა რომ გინდოდეს ვერ ჩამოხევო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მცდელობა ჰქონდათ. საერთოდ ვიტყვი, რომ ქალაქში ალბათ სიახლის შეგუება უჭირთ. მე ვფიქრობ, ეს პროცესიც გასავლელია. თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ამ მიმართულებას ქუთაისში. ამ წარწერებს აღვადგენთ და პროექტი გაგრძელდება”, – განაცხადა “ძველ ქალაქთან” საუბრისას ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელმა შალვა კამლაძემ.
ფალიაშვილის ქუჩაზე ლესია უკრაინკას ლექსი კედელზე ახალგაზრდა კალიგრაფმა ლელო ბარბაქაძემ გადაიტანა, რომელიც მომხდარს უარყოფიდათ აფასებს:
“ერთი კვირის წინ ვნახე რომ ტილო აღარ იყო. გული ძალიან მწყდება, რომ ასე ხელყოფენ და ანადგურებენ ქალაქისთვის სასიკეთო წამოწყებებს. ვფიქრობ ჩვენს ქალაქს არ აწყენს გალამაზება განსაკუთრებით ამ კუთხით, რადგან ამით კალიგაფიის პოპულარიზაციაც ხდება ახალგაზრდებში, ამიტომ დასანანია როცა ასე ეპყრობიან მსგავს სიახლეებს”, – ამბობს ლელო ბარბაქაძე.
ლესია უკრაინკას ლექსი კედელზე 12 მაისს გაიხსნა, ადამ მიცკევიჩის ლექსი კედელზე კი 2 მაისს.