თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესი დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურადაც არ ჩართეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი, ნიკა აბრამიშვილი ამბობს, რომ უწყებას ამ ეტაპზე კლინიკა “ვივა მედში” არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რომ მესამე პრეზიდენტის სხდომაზე დისტანციურად ჩართონ.
“შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს სჭირდება შესაბამისი ტექნიკური გამართვა, ამ ეტაპზე კლინიკა “ვივა მედში” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე ჩართვა”, – ამბობს ნიკა აბრამიშვილი.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან მოწმეებიც. მათ შორის, „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და ამერიკელი ექიმი-ფსიქიატრი გოლდ სმიტი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, მისი მდგომარეობა თანდათან დამძიმდა. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება.