საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურის მიერ მისი კადრების გავრცელების შემდეგ წერილს ავრცელებს.
მესამე პრეზიდენტი წერს, რომ რაც არ უნდა მოუვიდეს ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით.
ის ხელისუფლებას მიმართავს და ამბობს, რომ შეუძლიათ განახორციელონ “დაანონსებული მკვლელობის გეგმა”, მაგრამ გატეხვით ვერ გატეხენ.
,,გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს, თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით. და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდოს. რაც შემეხება მე, შეგიძლიათ, განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხთ”-წერს მიხეილ სააკაშვილი.
14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ახსნა.