საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დახვდა და საუბრის დროსაც რამდენჯერმე გაითიშა.
ადვოკატის თქმით, ცუდად ყოფნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ხვალინდელ პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს.
,,ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით, საუბარი უჭირდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც საუბრის დროს, გონების კარგვის მომენტი იყო. საუბრის დროს გაითიშა, 3-4-ჯერ იყო ასეთი მომენტი. რომ შევედი იწვა და ვხედავდი, რომ ვეღარ მესაუბრებოდა. სურვილი აქვს, რომ ხვალინდელ პროცესზე ჩაერთოს. თქვა, რომ თუ შეძლო, შეეცდება რაღაც თქვას. თუ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, მაგრამ ჩართვით ჩაერთვება”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტი რამდენიმე დღეა აკრძალული აქვს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, მისი მდგომარეობა თანდათან დამძიმდა. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება.