დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
სავარაუდოდ, მას დარბაზში სპეციალური ეტლით შეიყვანენ, რადგან მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.
პარალელურად დღესვე საქართველოში ელოდებიან საბოლოო ტოქსიკოლოგიურ დასკვნას შეერთებული შტატებიდან. ცნობილია, რომ ნიმუშებში აღმოჩენილია კიდევ ერთი მომაკვდინებელი შხამი – დარიშხანი.
,,ფრჩხილის ანალიზები ჯერ არ ჩამოსულა, დღეს ჩამოვა, მაგრამ სატელეფონო საუბრით, გაირკვა, რომ კიდევ ახალი ნივთიერება, დარიშხანი ამოუვიდა კვლევის შედეგად,” ამბობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.
კლინიკა “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლომჯარიას თქმით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მძიმე შეფასებები კეთდება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისი პირადად მონახულება.
,,დიდი ხანია მე არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ და რა თქმა უნდა, ჩვენ საქმის კურსში ვიყავით მიმდინარე პროცესების თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად გავეცანო მის მდგომარეობას, შევხვდე ექიმებს”, – თქვა ნინო ლომჯარიამ “ვივა მედში” შესვლის წინ.
აქამდე არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი იყო სამი მძიმე მეტალი. ინფორმაცია “ემპათიას” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გასულ კვირას გაავრცელა. როგორც ჯიშკარიანი ამბობდა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში აღმოჩენილი იყო ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი.