ასშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა ამერიკის მიმართ სულ უფრო უარესი ხდება.

მან საქართველოში კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალური სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რეფორმებით განპირობებული დახმარება ვიხილოთ. მეტად მოსალოდნელია ვიხილოთ გარკვეული ნაბიჯები, გარკვეული პირების წინააღმდეგ. თუ ჩვენ, ჩვენს დახმარებას რეფორმების პროგრესზე დაფუძნებით განვსაზღვრავთ, მაშინ ჩნდება რისკი, ეს ქართველი ხალხის სასჯელად იქცეს. ჩვენ კი ამის გაკეთება არ გვინდა. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ ისაა, რომ ქართველი ხალხი რჩება ნატოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების მომხრედ. პრობლემა ხელისუფლებაა, პრობლემა „ქართული ოცნებაა“, პრობლემა ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროცესებს კულისებიდან მართავს. ასე რომ, სრულიად არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ დროა დავაწესოთ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები და არა სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ. ძალიან მკაფიო მინდა ვიყო, სანქციები არა საქართველოს წინააღმდეგ, არა ქართველების წინააღმდეგ, არამედ ცალკეული ქართველების წინააღმდეგ, რომლებსაც ვფიქრობ ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს,”- ამბობს დევიდ კრამერი.

ის, ასევე, გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თავდასხმას სენატორ შაჰინზე.

 

“სენატში გამოთქმული კრიტიკით შექმნილ სიტუაციას ვერ დაეხმარა ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა, სენატორ შაჰინს უწოდა რაღაც, რაც უხეშად, როგორც ვიცი, ითარგმნება როგორც „კახპა“. ასე მოიხსენიო წამყვანი ამერიკელი სენატორი, არ არის მთლად მეგობრული ჟესტი. განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრის მხრიდან. ჩემი აზრით, ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება და ის სულ უფრო ანტიამერიკული მიმართულებით მიდის. ეს კარგა ხანია ასეა, მაგრამ თბილისიდან მომავალი რიტორიკა, სულ უფრო უარესდება. არსებითად, ეს არის თავდასხმები შეერთებულ შტატებზე”, -განაცხადა დევიდ კრამერმა.

,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს ჩათლახი უწოდა. ირაკლი ზარქუამ კომენტარი მაშინ გააკეთა, როცა ჟურნალისტებმა მას საქართველოზე სენატორ შაჰინის განცხადებების შეფასება სთხოვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *