საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში საკანონმდებლო წინადადების მომზადებას გეგმავენ.
„ხალხის ძალას“ მიაჩნია, რომ უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის.
„გუშინ, ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება. ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, „ენჯეოების“ დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ.
სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის, სახალხო სუვერენიტეტისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების შესაბამისად არ იმართება, სრულფასოვანი სახელმწიფო არაა. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ამ ცნებებმა სრული პერვერსია განიცადა. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ყველამ იცის, რომ კონსტიტუციურად ყველაზე დიდი ძალაუფლების მატარებელი პირი – ამერიკის პრეზიდენტი სინამდვილეში სახელმწიფოს არ მართავს. ამასთან, დედამიწის ზურგზე ვერავინ იტყვის, პრეზიდენტის ნაცვლად, ვინ მართავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს. დღევანდელ ამერიკულ მმართველობას რომ ხედავდნენ, ამერიკის დამფუძნებელ მამებს – ვაშინგტონს, ჯეფერსონს, ჰემილტონს ან მედისონს, ალბათ, მძიმე დეპრესია დაეუფლებოდათ. უხეში ხარვეზებით ჩატარებულ კონგრესის არჩევნებზე, რომლის შედეგების შეჯამებას კვირაზე მეტხანს მოუნდნენ, ბევრს აღარ ვისაუბრებთ,”-ნათქვამია ,,ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, ,,ხალხის ძალის” განცხადებით, ფსევდოლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა „დამოუკიდებელი“ „გარედან მართულის“ სინონიმია. მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლო ნიშნავს გარედან მართულ სასამართლოს, დამოუკიდებელი მედია – გარედან მართულ მედიას და ა.შ.
,,როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, კანდიდატის სტატუსის თემა ჩვენთვის მოიგონეს, რათა უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, საქართველოსთვის კი არა, რაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისა და აგენტოკრატიის დამყარების მთავარ ინსტრუმენტად იყო მოაზრებული.
ამ ყველაფრის გაგრძელებაა ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციები, რომლებიც დემოკრატიული ხელისუფლების დასუსტებასა და აგენტურის გამაგრებას ისახავს ერთადერთ მიზნად,”-ნათქვამია განცხადებაში.
,,ხალხის ძალის” განცხადებით, ამ რეზოლუციების მთავრი ავტორები არიან ევროპული აგენტოკრატიის წარმომადგენლები – კუბილიუსი, იუკნევიჩიენე, ფონ კრამონი, ფოტიგა და სხვები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მათი და „ნაცმოძრაობის“ საერთო პატრონების კარნახით მოქმედებენ.