საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
რაც შეეხება მომხდარის დეტალებს, უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქე დაკავებისას ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.
“ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა”, – ნათქვამია სუსის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ცნობაში.
უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი.
“საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ კიდევ ერთი ცნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ნოემბერსაც გაავრცელა. ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, 29 წლის ქალი დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი რაოდენობით [10 გრამი] ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.