“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაზრდილია.

ამ პერიოდს ემთხვევა უკრაინაში ომის დაწყება. ორგანიზაციამ 2022 წლის მონაცემები გასულ და კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდს შეადარა.

მიმდინარე წელს ქვეყანამ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2,2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,6-ჯერ მეტია და 64 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 12,6% იყო, როცა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6,3%-ს, ხოლო მაქსიმუმს – 10,4%-ს – 2019 წელს აღწევდა.

 

ორგანიზაციის მონაცემებით:

მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია;

იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11%-ით გაიზარდა და 473 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;

იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა;

ელექტროენერგიის რუსეთიდან იმპორტის 3,6-ჯერ ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3% უჭირავს;

იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. ამ პერიოდში საქართველოში 780 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *