12 ევროპარლამენტარი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართავს, გამოიყენოს შეწყალების უფლება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო.
საქართველო მრავალი წელია ევროინტეგრაციის გზაზე დგას. ეს გზა ადვილი არ არის, მაგრამ მას მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის რეკომენდაციით და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გაიხსნა. ისტორიული შესაძლებლობა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მიენიჭა იმ უზარმაზარი მსხვერპლის გამო, რომელსაც უკრაინა წევს, რათა დაიცვას ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირიც არის აგებული.
ჩვენ, ევროპარლამენტში, საქართველოს პროევროპული გზის მხარდამჭერები, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული და ყველა შესაძლო ძალისხმევა იქნას გაწეული, რათა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მიუახლოვდეს.
სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ აღიქმება, ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის კრიტიკული საზოგადო მოღვაწეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან.
ევროპარლამენტმა დაგმო ტელეკომპანია მთავარი დირექტორ, ნიკა გვარამიას საეჭვო ბრალდებები, ფულის გათეთრებასთან, ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმის ჩახშობა, თუმცა 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ეს საქმე ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას, ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო იწვევს პოლარიზაციას.
ამიტომ მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.