ქუთაისში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, რომლის რეკონსტრუქციისთვის 363 ათასი ლარი იხარჯება, მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობს.
ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ბიუროს თავმჯდომარის, თემურ ცამციშვილის თქმით, ტიციან ტაბიძის ქუჩა რეკონსტრუქციას არ საჭიროებდა, მიუხედავად ამისა, ქუჩაზე სანიაღვრე სისიტემის გამოცვლა მაინც დაიწყეს, მაგრამ, თემურ ცამციშვილის შეფასებით, შპს ,,გზამშენი 21-ე’’ სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებს.
,,ტაბიძის ქუჩა იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, რომელიც არ იტბორებოდა. აქ საჭირო არ იყო სანიაღვრე სისტემის გამოცვლა, მაგრამ ტენდერი მაინც გამოაცხადეს და გაიმარჯვა კომპანიამ ,,გზამშენი XXI’’. ნებისმიერი პროექტი, რომელიც ქალაქში ხორციელდება, მინიმალურ სტანდარტს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს და მისი აქტიური მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ აქ ასე არ ხდება. ტაბიძეზე მხოლოდ 2 მუშა მუშაობს და სამუშაოები 70 დღეში უნდა დასრულდეს. მალე, ალბათ, ეს ქუჩაც იმ ქუჩების რიცხვს მიემატება, რომლებიც იტბორებიან,’’-აცხადებს თემურ ცამციშვილი.
ფლანგვის დეტექტორის მიგნებით, შპს ,,გზამშენი XXI’’-ის ერთ-ერთი მეწილე ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორია.