უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში გადაასვენეს.

 

ცხედარს ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივები და მერიის წარმომადგენლები დახვდნენ. მოქალაქეები წალენჯიხის ცენტრში შეიკრიბნენ საქართველოს და უკრაინის დროშებით. ედიშერ კვარაცხელიას ხვალ, 18 ოქტომბერს დაკრძალავენ.

“ეს ყოფილიყოს ბოლო მებრძოლი, ვინც დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში. ეს იყოს ბინძურ სისხლიანებზე გამარჯვებისთვის ბოლო. დიდება უკრაინას. ჩემი ძმა იბრძოდა თავისუფლებისთვის, ჩემი, თქვენი და ყველას თავისუფლებისთვის”, – უთხრა ჟურნალისტებს დაღუპული მებრძოლის ძმამ ბაკურ კვარაცხელიამ.

ედიშერ კვარაცხელია უკრაინიდან საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოასვენეს. მებრძოლის ცხედარი თბილისში, ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილე.

ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 10 ოქტომბერს გავრცელდა. ის დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *