ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის მხარდაჭერით, ქუთაისში ფორუმი ,,ადამიანის უფლებებისთვის’’ გაიმართა.
ფორუმისთვის წინასწარ შერჩეულმა მონაწილე ორგანიზაციებმა მათთვის ინდივიდუალურად მოწყობილ სტენდთან თავიანთი ორგანიზაციები წარმოადგინეს. ასევე, გაიმართა დისკუსია ადამიანის უფლებების შესახებ. ,,თბილისი პრაიდის’’ წარმომადგენელმა ცაბუნია ვართაგავამ, ადვოკატმა ვალერი თევდორაძემ, ,,GCRT ქუთაისის’’ წარმოამდგენელმა ანა ჩაფიძემ და ,,სოლიდარობის თემის’’ წევრმა ნესტან ანანიძემ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. Ხაზი გაესვა რელიგიური უმცირესობების, ქვიარ თემის, ქალების და სხვა ჯგუფების უფლებების დაცვის აუცილებლობას.
,,ჩვენი, არასამთავრობო სექტორის მუშაობის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვა, ჩვენ უნდა ვიცავდეთ სხვადასხვა ჯგუფის ინტერესს. სოლიდარობა ამოსავალი წერტილია ჩვენს საქმიანობაში,’’-აღნიშნა ,,სოლიდარობის თემის’’ წევრმა ნესტან ანანიძემ.
,,ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით იკვეთება ხარვეზები. იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლმა პოლიციას მიმართა, დაკითხვის პროცედურები არ არის მსხვერპლზე მორგებული, ამ დროს ქალმა შესაძლოა მეორეული ტრავმა მიიღოს. გარდა ამისა, თუ მას აქვს მობილური, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს, შესაძლოა, ჩამოართვან და მთელი წელი არ დაუბრუნონ. ქალებისადმი გარემო არ არის მხარდამჭერი. არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოების მხრიდან, რომ მეუღლეს შეურიგდეს. გარდა ამისა, არ არის ხელმისაწვდომი ფსიქოლოგიური სერვისები, ამ ყველა და კიდევ მრავალი გამოწვევის გამო ბოლო წლებში პოლიციაში ქალთა მიმართვიანობამ იკლო,’’-აღნიშნა ფორუმის მიმდინარეობისას ,,GCRT ქუთაისის’’ იურისტმა ანა ჩაფიძემ.
ფორუმი ,,ადამიანის უფლებებისთვის’’ 2018 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია ადამიანის უფლებეის საკითხზე მომუშავე რეგიონული ორგანიზაციების და აქტივისტების საკონტაქტო ქსელის გაზრდა, რეგიონებში უფლებადაცვითი აქტივიზმის გაძლიერება და ხელშეწყობა.