ქუთაისში, განჯის #12-ში მცხოვრებლები ბიზნესმენ დავით კოსტავას მიერ ბინის საკუთრებაში არსებულ ტეროტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, დავით კოსტავამ ტერიტორია უკანონოდ მიითვისა და მასზე მშენებლობა უკანონოდ წამოიყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ ადგილზე, სადაც კორპუსის მშენებლობა თვეების განმავლობაში მინდინარეობდა, სკვერი უნდა აშენებულიყო. ისინი ბიზნესმენს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებენ.
,,თვეების განმავლობაში ვაპროტესტებთ ბინის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას. დავით კოსტავა გვემუქრება, რომ თუ ბინის მშენებლობა მხარს არ დავუჭერთ, ჯარიმის სახით დაგვაკისრებს თანხას, რაც ეზოს და ავტოსადგომის მოპირკეთებისთვის დახარჯა. მას 146 ხელმოწერა აქვს კორპუსის მშენებლობაზე თანხმობაზე, მაგრამ გაყალბებულია, ჩვენ ხელი არ მოგვიწერია,”-ამბობს ბინის ერთ-ერთი მცხოვრები.
დავით კოსტავა ქუთაისის საკრებულის წევრის, მაგდა კოსტავას მამაა.
მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს ,,ანტიკორუფციული მოძრაობა”. იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის თქმით, ბიზნესმენ დავით კოსტავას ადგილობრივი თვითმმართველობა მფარველობს.
,,დავით კოსტავას კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში, ბინები რაც არ გაიყიდა, სახელმწიფომ შეისყიდა და იქ დევნილები შეუშვა. კოსტავა ახლა ამ ბინებში ამხანაგობის თავმჯდომარეა და მოსახლეობამაც არ იცის, როდის გახდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ეზოს მოპირკეთება გააკეთა, 2 სკამი დადგა და რამდენიმე ნაძვის ხე დარგო, რაშიც მოსახლეობას 84 ათასი ლარის გადახდას თხოვს, – ეს ფული დავხარჯე და უნდა ამიკრიბოთო. ადგილობრივი თვითმმართველობა ბიზნესმენ დავით კოსტავასთან შეთანხმებით მოსახლეობას უქმნის ისეთ პირობებს, რომ კოსტავამ დააშანტაჟოს და გვერდით, სადაც უკანონო მშენებლობა აქვს, მისი გაგრძელების ნებართვა მიიღოს. პრობლემაა ისიც, რომ იმ ბინის მშენებლობის ნარჩენები რიონში იყრება”, – აცხადებს თემურ ცამციშვილი.