პარტია “საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან გაირიცხა.
ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნინო ჩიკვაშვილს, რომელიც ქუთაისის საკრებულოს წევრი პარტიის სიით გახდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშანტაჟებდნენ მის საკუთრებაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებით და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმებით.
,,ნინო ჩიკვაშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შემოსავლების სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. ხელისუფლების მხრიდან იყო შემდეგი შემოთავაზება, რომ ნინო ჩიკვაშვილი წასულიყო პარტიიდან, თუმცა დარჩენილიყო საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად. ის ხალხი, ვინც “ქართულ ოცნებას“ მიჰყიდის სულს, მათგან აიღებს ფულს და იცხოვრებს იმ იმედით, რომ სახელმწიფოს განვითარების დიდ იდეას ანაცვალოს საკუთარი მერკანტილური ინტერესი, ჩვენ გვერდით ვერ იქნება“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
“საქართველოსთვის“ განცხადებას გამოეხმაურა ნინო ჩიკვაშვილი. მისი თქმით, ეს პარტია თავისი ლიდერებით, უკვე ყოველგვარი მორალისა და ღირსებისგან დაცლილია და მასა და პარტიას შორის უკვე სერიოზული ღირებულებითი აცდენაა.
,,გაიგეს, რომ მე ვაპირებდი გასვლას და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საკრებულოში დარჩენას, ჯერ გამომკითხეს ყველაფერი, მერე მოაწყვეს ეს მასკარადი, რომ თითქოს გამრიცხეს პარტიიდან. რეალურად, ძალიან კარგად იცოდნენ ის სერიოზული ღირებულებითი აცდენა, რაც მე უკვე მაქვს ამ პარტიასთან, რომელიც თავიდან აბსოლუტურად სხვანაირი იყო და ახლა სხვა რელსებზე გადავიდა.
მე ვაპირებდი პარტიის ადამიანურად დატოვებას, თუმცა მათ მოაწყვეს ეს მასკარადი. ძალიან კარგად იცის ჩემმა ამომრჩეველმა, რომ მე არასდროს მივატოვებ არც ამომრჩეველს და არც ჩემს ხალხს. ეს შოუ დასჭირდათ მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზიები მიეწვიათ და ეჩვენებინათ, რომ თითქოს დამსაჯეს,’’ – წერს ნინო ჩიკვაშვილი.