თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი.
როგორც მან განმარტა, ამ დრომდე შადრევანთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ ყოფილა.
„შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. არავინ იცის, რამ გამოიწვია. ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც,”-განაცხადა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. Მათგან ერთ-ერთი, 13 წლის გოგო კლინიკაში გარდაიცვალა. მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, მესამე ბავშვი კი კონტაქტურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა. მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარი დაჯდა.