თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
მერის თქმით, დაისჯება ყველა, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე აღძრულ საქმეში.
,,უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად. ცენტრალური კონტრაქტორი იყო “გრინსერვისი”, ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია, შემოწმებული იყო. უმძიმესი ამბავია. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა პასუხი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარბაშვილი კი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით რეაგირება უმკაცრესი იქნება.
,,ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.
ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. Მათგან ერთ-ერთი, 13 წლის გოგო კლინიკაში გარდაიცვალა. მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, მესამე ბავშვი კი კონტაქტურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა. მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარი დაჯდა.