უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის მიმართ საქართველოს ციხეში განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს.
სხდომაზე მოწმის რანგშია დაბარებული თავად მესამე პრეზიდენტი. სხდომა თბილისის დროით, 3 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე უკრაინულ მხარეს დათანხმდა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მონაწილეობა მიეღო და ინფორმაცია მიეწოდებინა, დღეს მესამე პრეზიდენტი ვერ შეძლებს დისტანციურადაც კი ჩვენების მიცემას.
,,ბუნებრივია ამ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის მიერ ინფორმაციის მიწოდება სასამართლოსთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, რომ უკრაინის პროკურატურა ითხოვს მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას ამ საქმეებზე და მისგან ინფორმაციის მიწოდებას, მე არ მგონია რომ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს მიხეილ სააკაშვილისთვის ამ საშუალების მიცემა, შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობას პენიტენციური სამსახური მისცემს,” – ამბობს შოთა თუთბერიძე.
მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვას ამ დრომდე ელოდება ნობელიანტი ექიმი კობი, რომელმა შესაძლოა ეს ნებართვა დღეს მიიღოს. სწორედ ამიტომ გადადო მან აშშ-ში გამგზავრება.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ „ვივა მედის“ კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა. თემურ ჯანაშიას განცხადებით, მდგომარეობა უმძიმესია და მიხეილ სააკაშვილი “სიკვდილის პირასაა“.