“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები მორიგ ანტიდასავლური შინაარსის წერილს ავრცელებენ.
ამჯერად დეპუტატები “რადიო თავისუფლების” ინტერვიუს აკრიტიკებენ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან, ეველინ ფარკასთან.
მათი მტკიცებით, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გზავნილები უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებს ემთხვევა და როდესაც ისინი საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს.
დეპუტატების შეფასებით, ეველინ ფარკასმა განაცხადა ის, რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს.
,,ქალბატონმა ფარკასმა ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ და იქვე ნაწილობრივ დაგვამშვიდა, „საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთის შემოჭრისა და რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხრივ, ვიდრე წარსულში იყოო“. ამასთან, ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ რუსეთს საქართველოში ახალი ფრონტის გახსნა არ შეუძლიაო, მან სრულიად შემაშფოთებელი პასუხი გასცა – „მერე რა, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებსო“.
ანუ ქალბატონმა ფარკასმა აღიარა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის რისკი არსებობს და მხოლოდ იმით დაგვამშვიდა, რომ რუსეთი გამარჯვებას ვერ შეძლებს. თუმცა, რა გაიყიდება დამარცხებად და რა გამარჯვებად, 2008 წლის ომის მაგალითზე, ესეც ძალიან მწარედ გვახსოვს. ქართველ ხალხს არ დაავიწყდება, როგორ დაეხმარნენ ამერიკელები სააკაშვილს ორ დღეში წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადებაში და როგორ აზეიმეს ქართველ ხალხს წაგებული ომი რუსთაველის გამზირზე.
ქალბატონმა ფარკასმა რადიკალური ოპოზიციის პირით გახმოვანებული მესიჯიც გაიმეორა და დაგვემუქრა, ახლა თუ არ ჩაერთვებით ომში, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი მაინც მოგიბრუნდებათო. აქ საინტერესოა, რომ ეველინ ფარკასი რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაზე თავს ვერ დებს და არც იმის მტკიცებით იწუხებს თავს, რომ უკრაინა და საქართველო ორი ფრონტის პირობებში მაინც გაიმარჯვებენ,’’-ნათქვამია წერილში.
წერილის ავტორების თქმით, ახლა დასკვნები ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს – ან უნდა დაჰყვეს საელჩოს სურვილს და საქართველო მეორე ფრონტად აქციოს, ან უნდა შეაფასოს, რამდენად ლეგიტიმური და მისაღებია მისი განზრახვა, საქართველო ყოველგვარი გარანტიების გარეშე რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაებას.
,,აქვე აღსანიშნავია, რომ დღემდე არ წყდება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ღია მოწოდებები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით. გუშინაც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებდა, დროა, ქართველმა ხალხმა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციისთვისო. უკრაინის ხელისუფლებაზე ამერიკელების გავლენა რამდენად ძლიერია, ალბათ, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის.
თუ საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს ომისკენ ადრე დახურულ კაბინეტებში მოუწოდებდნენ, ქალბატონი ფარკასი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ამგვარ მოწოდებებს ახლა უკვე საჯაროდ აკეთებენ. როდესაც ისინი საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, ვფიქრობთ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს“,- ნათქვამია განცხადებაში.
წერილის ავტორების თქმით, მეორე ფრონტზე მსჯელობისას, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული ჯარის ინტერვენციის შემთხვევაში, ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც მოგვიწევს. მათი შეფასებით, როდესაც ცდილობენ, 30 წლის თავზე ,,აფხაზებთან და ოსებთან ახალი ძმათამკვლელი ომი გაგვაჩაღებინონ, ეს ფაქტი საზოგადოების მხრიდან ცალკე შეფასებას მოითხოვს’’.
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთისგან – რუსეთის შემოჭრის, რუსეთის სამხედრო მოქმედების მხრივ, ვიდრე წარსულში იყო“.
„ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელში ჩართვაც, საქართველოს მთავრობას და ჩვენ – აშშ-ს გვსურს“,- განაცხადა მან.