ე.წ. მოსმენების კანონს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას.
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, არც პრეზიდენტის ვეტოში და არც ვენეციის კომისიის დასკვნაში საუბარი არ არის სამართლებრივ პრობლემებზე.
,,ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო. ვეტოს განხილვის პროცესმაც დაადასტურა, რომ რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე, რომელ უფლებრივ სტანდარტს არღვევს მოცემული კანონი, პასუხი არ არსებობდა. არ არსებობს დაინტერესებული ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ მას ჰქონდა განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი და ამის შესაძლებლობა არ მიეცა, რაც ყველაფერია, გარდა არაინკლუზიურობისა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის ინიცირებიდან 5 თვის თავზეც კი არ არის წარმოდგენილი რაიმე შინაარსობრივი შენიშვნა, რომელიც, თუნდაც, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ამ კანონის შესაბამისობას რომელიმე უფლებრივ სტანდარტთან,’’-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 7 ივნისს მიიღო. 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოსმენების კანონის ახალ რედაქციას ვეტო დაადო. მან ამ კანონთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნისთვის ვენეციის კომისიას 1 ივლისს მიმართა.
ვენეციის კომისიის დასკვნა ევროპის საბჭოს ვებგვერდზე 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. კომისიის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ფარული საგამოძიებო მოქმედების – პროცედურის შეცვლის შესახებ ნაჩქარევადაა მიღებული და გადახედვას საჭიროებს.
დასკვნის გაცნობის შემდეგ, 6 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და პარლამენტის პირველსავე საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს საშუალებას აძლევს მოუსმინოს უფრო მეტ მოქალაქეს უფრო მარტივად.