მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ,,მთავარი არხის’’ ჟურნალისტის შეურაცხყოფას აგრძელებს.
ამ თემაზე ირაკლი კობახიძე წერს, რომ ნატალი ჯახუტაშვილმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რასაც ბევრი ,,მთავარი არხიდანაც’’ არ იკადრებდა.
,,გუშინ “მთავარის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას “მთავარიდანაც” კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს “რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა” იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა”, -წერს ირაკლი კობახიძე.
ის ნატალი ბახუტაშვილის მხარდამჭერებს პავლიკა მოროზოვებს უწოდებს.
“ვინც გუშინ “მთავარის” ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია. მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი”, – წერს ის.
მისივე პოსტის თანახმად, “დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა” და 2024 წლამდე “ოცნება” მთელ ყურადღებას “დეპავლიკიზაციას” დაუთმობს.
პიონერი პავლიკ მოროზოვი 1932 წელს მოკლეს. მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია, თუმცა, ლეგენდის თანახმად, ბავშვი მოკლა კულაკმა მამამ, რომელიც პიონერმა ხელისუფლებასთან „დააბეზღა“. სტალინის ეპოქაში პავლიკ მოროზოვის მითი იმდენად პოპულარული იყო, რომ მოკლულ ბავშვს ძეგლები აუგეს, ლექსები მიუძღვნეს და სამაგალითო პიონერად აღიარეს.
გუშინ, 25 ივლისს ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ,,მთავარი არხის’’ ჟურნალისტს ნატალი ჯახუტაშვილს. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხა, იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძე კგბ-ის აგენტის შვილია, რამაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის გაღიზიანება გამოიწვია. ირაკლი კობაიძემ ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ,,ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქ პირი მართლა რა. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს გავხარ პირითაც. შენ ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია’’.