,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ტენდერებს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია, შპს “ბორანი” იგებს, რომლის ძირითადი საქმიანობა გზის საფარის მოწყობა, მოვლა-პატრონობა და შეკეთებაა.
კომპანიამ, 2013 წლიდან 2022 წლის 12 ივლისამდე 34,970,860 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო.
შპს “ბორანი” და კავშირები “ქართულ ოცნებასთან”
“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულია შპს “ბორანის” მოქმედი დირექტორის, ბექა არაბიძის დედა, ნინო ჩხიკვაძე, რომელიც წარსულში კომპანიის 22% წილს ფლობდა. ამჟამად იგი თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს. ნინო ჩხიკვაძემ 2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2021 წელს მან, როგორც წარსულში “ბორანის” მეწილემ, ასევე მისმა შვილმა (კომპანიის დირექტორმა) და მეუღლემ (კომპანიის დირექტორის მოადგილემ) საწარმოდან ჯამში 156,893 ლარის შემოსავალი მიიღეს.
დღეს კომპანიის 66% წილს ნინო ჩხიკვაძის დედა, თამარ ღარიბაშვილი ფლობს. ეს წილი გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა მის მეუღლეს, ამირან ჩხიკვაძეს, რომელმაც 1998 წელს თავის პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შპს “ბორანი” და 2020 წლამდე იყო მისი დირექტორი. 2017 და 2020 წლებში ამირან ჩხიკვაძემ “ქართულ ოცნებას” ჯამში 60,000 ლარი შესწირა. ამავე პერიოდში “ქართულ ოცნებას”, ჯამში 30,000 ლარი შესწირეს შპს “ბორანის” 10 და 16-პროცენტიანი წილების მფლობელებმა გიორგი აბულაძემ და მელანო უკლებამ.
შპს “ბორანის” ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში
შპს “ბორანი” აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში: 2013 წლიდან დღემდე კომპანიამ 32,960,373 ლარის ღირებულიბის 52 ტენდერი მოიგო, მათ შორის 26 – უკონკურენტოდ, 8 კი – მეტოქეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე.
ამავე პერიოდში მიიღო 8 გამარტივებული შესყიდვაც, ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ კი 2,010,487 ლარი შეადგინა.
შპს “ბორანის” მიერ მოგებული 52 ტენდერიდან 22 ზესტაფონის, 15 თერჯოლის, 3 კი ბაღდათის მუნიციპალიტეტზე მოდის. კომპანიამ ასევე მოიგო საავტომობილო გზების დეპარტამენტის 12 ტენდერი, რომელთა უმრავლესობა იმერეთის ტერიტორიაზე გზების მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას ეხებოდა.
შესყიდვებში შპს “ბორანის” ჩართულობაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 2021 წელსაც წერდა კვლევაში, რომელიც პანდემიის დროს სამშენებლო სექტორში სახელმწიფოს მიერ დადებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს ეხებოდა.