მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტ ნატალი ბახუტაშვილზე შეურაცხმყოფელ თავდასხმას სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საზოგადოების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის წამახალისებლად აფასებენ.
ირაკლი კობახიძის ამ ქმედებას ისინი დისკრიმინაციულად და სექსისტურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ პასუხი უნდა აგოს. მედიის ადვოკატირების კოალიციის კოორდინატორი, ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ მსგავს შემთხვევებში საჭიროა იმ სამართლებრივი ნორმების გამოყენება, რაც პარლამენტის წევრს მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული განცხადებებისგან ზღუდავს.
,,საჯარო პოზიციონირების პროცესში პოლიტიკოსებს აქვთ ვალდებულება, კრიტიკულ კითხვებს არადისკრიმინაციულად უპასუხონ . ჩვენ ვისმენთ ,,ქართული ოცნების’’ მხრიდან ირაკლი კობახიძის გამართლებას. მიუხედავად ამისა, მმართველ პარტიას მოუწევს დაფიქრდეს იმ საერთაშორისო კონტექსტზე, რაც მას ეკისრება როგორც ევროპასთან დაახლოების პროცესში მყოფ სუბიექტს. ჟურნალისტზე თავდახმა არის მწვანე შუქის ანთება საზოგადოებისთვის, რომელიც მტრულად არის განწყობილი კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ,’’-აცხადებს ნათია კაპანაძე.
სამოქალაქო აქტივისტი ქეთი დეისაძე მიუღებლად და დაუშვებალად მიიჩნევს მმართველი პარტიის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმას და ამბობს, რომ მსგავსი პიროვნებები პოლიტიკურ პროცესს სწრაფად უნდა ჩამოშორდნენ.
,,არასასურველი კითხვა გაიგივებულია პროვოკაციასთან, რაც არა მხოლოდ მიუღებელი, არამედ დაუშვებელიცაა. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის ლექსიკაში მკვეთრად იყო გენდერული დისკრიმინაცია, ესეც ერთგვარად წამახილესებლი ტონია, როცა ქალთა მიმართ ძალადობა საზოგადოების მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ვსაუბრობთ არა რიგით მოქალაქეზე, არამედ მმართველი პარტიის თავმჯდომარეზე. მიმაჩნია, რომ მსგავსი განცხადებების დაგმობა ან მხოლოდ გამიჯვნა საკმარისი არაა და ასეთი პიროვნებები სწრაფად უნდა ჩამოშორდნენ საქართველოს ხელისუფლებას,’’-ამბობს ქეთი დეისაძე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ,,სამართლიანი არჩევნების’’ ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმაც.
,,ჟურნალისტის მიმართ გამოვლენილი აგრესია ძალიან ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის, რადგან ასეთ დროს საზოგადოებაში ჩდება მიუღებლობა განსხვავებული აზრის მიმართ, ჟურნალისტის კითხვის მიმართ ან ჟურნალისტის ინტერესის მიმართ, ჩაატაროს ჟურნალისტური გამოძიება. პოლიტიკოსებს ხშირად ავიწყდებათ, რომ მათ საზოაგადოებას მაგალითი უნდა მისცენ და მათთვის მიუღებელი კითხვის შემთხვევაშიც კი არ აქვთ უფლება აგრესია გამოავლინონ ჟურნალისტების მიმართ,’’-ამბობს თეონა გოგიშვილი.
გუშინ, 25 ივლისს ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ,,მთავარი არხის’’ ჟურნალისტს ნატალი ჯახუტაშვილს. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხა, იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძე კგბ-ის აგენტის შვილია, რამაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის გაღიზიანება გამოიწვია. ირაკლი კობაიძემ ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ,,ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქ პირი მართლა რა. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს გავხარ პირითაც. შენ ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია’’.
დღეს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეურაცხყოფა ისევ გააგრძელა და აღნიშნა, რომ რაც ნატალი ბახუტაშვილი ,,სიბინძურისგან ისე იყო გაბოროტებული’’, რომ კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, ,,პირზე დუჟი მოადგა’’.