,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის ინიციატივაზე, ალტ-ინფოს პარტიის – ,,კონსერვატიული მოძრაობის’’ აკრძალვის შესახებ, განაცხადა, რომ სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით უნდა აკვირდებოდეს იმას, რამდენად არის დაცული ნებისმიერი ადამიანის, თუნდაც, დამნაშავის უფლებები.
,,ჩვენ, ბუნებრივია, “ალტ ინფოს” მიმართ არავითარი სიმპათიები არ გვაქვს, მითუმეტეს, რამდენიმე დღის წინ ოფისთან იყვნენ მოსულები და გვაგინეს. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველი უნდა აკვირდებოდეს ნებისმიერი ადამიანის უფლების დაცვას, თუნდაც, დამნაშავის’’-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისი შეფასებით, როდესაც მოძალადე ჯგუფებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ,,ნაციონალური მოძრაობა’’ უნდა გავიხსენოთ.
,,როდესაც საქმე ეხება მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ძალადობენ წლების მანძილზე ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გვახსენდება ჩვენ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც 9 წლის განმავლობაში ძალადობდა ხალხზე ბიზნესის რეკეტის ფორმით, პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ფორმით და რომელიც საზოგადოებაზე ძალადობას აგრძელებს ახლაც ოპოზიციის რიგებიდან. მეტობის ნიშანს ვსვამ ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, არავითარი ტოლობის ნიშანი. ნაცმოძრაობაზე მეტი რუსი არავინ არ არის საქართველოში იმიტომ, რომ 20% რუსეთს ჩააბარა არა ალტ ინფომ, არამედ ნაცმოძრაობამ’’-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება.