საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი ,,ამერიკის ხმასთან’’ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროკავშირის მითითებების შესრულება საუკეთესო ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საქართველო ევროინტეგრაციისთვის მზადაა.
მისი თქმით, ევროკავშირის პირობების შესრულება საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზეც მნიშვნელოვანი იქნება.
,,ეს არის საუკეთესო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად შეუძლია’’-აღნიშნა უილიამ კორტნიმ.
ის ასევე, აცხადებს, რომ დროა საქართველოში ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჩამოყალიბდეს, რადგან ინდივიდებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რის წინაშეც ქვეყანა ბოლო 30 წლის განმავლობაშია, ნაკლებად ჯანსაღი პროცესია.
“ცხადია, გარკვეული გაგებით, ეს არის ივანიშვილის გადაჭარბებულ პოლიტიკურ როლთან დაკავშირებული საკითხი. როლთან, რომელსაც იქამდე სააკაშვილი თამაშობდა. დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, რომლებმაც გადაჭარბებული როლი შეასრულეს. უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც მაგალითად ივანიშვილი ასრულებს. ასე რომ, დე-ოლიგარქიზაცია ნამდვილად გულისხმობს საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტერესებზეა დაფუძნებული და არა ინდივიდებზე, პიროვნებებზე. მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიებს აქვთ კონსერვატიული, ლიბერალური პარტიები. საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები პიროვნებებზე, ინდივიდებზე დგას. ინსტიტუციურად ეს ნაკლებად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა”, – განაცხადა უილიამ კორტნიმ.