საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავზე გაზრდილი ფასების საპროტესტო აქციების უკან ,,ნაციონალური მოძრაობა’’ დგას.
პრემიერის თქმით, საწვავის ფასის ზრდა პანდემიის გამო გამოწვეული ინფლაციის შედეგია და ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება.
,,გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან იდგა, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობა. მე მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება, შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან. ,,ნაციონალური მოძრაობის’’ პერიოდში წლიური ინფლაცია 2011 წლის მაისში იყო 14.3%, იმავე წლის მარტში 13.9%, აპრილში 13.5% უფრო ადრეც, ინფლაცია შეადგენდა 14.5% 2006 წელს მაგალითად, საშუალო წლიური ინფლაცია წინა ხელისუფლების, შეწონილი რომ შევახსენოთ ჩვენ მოქალაქეებს, იყო 6.2.% მაშინ, როცა ჩვენ დროს, 9 წლიან პერიოდში 4.1%-ია საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს საწვავის ფასის გამო გამოწვეული წნეხი შეუმსუბუქოს.
27 მარტს თბილისში აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეები საწვავის ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ. აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს. აქცია გაიმართა ქუთაისშიც. აქციის მონაწილეები მხარის გუბერნატორთან და მერთან ითხოვდნენ შეხვედრას, პარალელურად, პროტესტის ნიშნად ავტომობილებით გზა გადაკეტეს. მომხდარის გამო პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.