5 წელი ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის გამოცხადებიდან – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, 2017 წლის 28 მარტიდან შეუძლიათ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა.
ვიზალიბერალიზაციას წინ უძღოდა ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების ხანგრძლივი მუშაობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა.
„დღეს არის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებებიდან 5 წლისთავი, ამიტომ ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენ, მთელმა მთავრობამ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის მიღწევაში. აქვე, მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ეს პროცესი დავიწყეთ 2013 წელს, როდესაც გადმოგვეცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა, მთავრობამ ინტენსიური მუშაობა გასწია და ეს პროცესი 2015 წლის დეკემბერში დავასრულეთ. ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და ამის შემდეგ დაახლოებით 1 წელიწადში სავიზო რეჟიმი მოიხსნა და ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობენ.
ეს კონკრეტული ხელშესახები შედეგია, რაც მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.