საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელინსკის მიმართა დააბრუნოს საქართველოში უკრაინის ელჩი.
,,ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი,’’-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
Სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ასევე უნდა შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი. მისივე თქმით, თანამდებობაზე, შესაძლოა, ოპოზიციის წევრი შეირჩეს.
“გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება,”-აცხადებს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ მიესალმება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, გარდა ამისა, საზოგადოების სხვა პეტიციებსა და ინიციატივებს.