საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ ის გუშინ, გვიან ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ პენიტენციურ სისტემაში მას ნეიროპათია და სხვა დაავადებები დამართეს.
,,პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში მე დამმართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობასა და ა.შ. იწვევს. გასტროსკოპიამ კი აჩვენა მრავალრიცხოვანი ეროზიები, ნუ არც იყო გასაკვირი. რესპუბლიკურის ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით.
ქართულ პენიტენციურ სისტემაში ამ დაავადებების სრულფასოვნად მკურნალობა აბსოლუტურად გამორიცხულია,’’-ნათქვამია მესამე პრეზიდენტის წერილში.
მიხეილ სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა თავიდანვე გათვლილი იყო ასეთ შედეგზე. მისი ვარაუდით, იუსტიციის სამინისტრო ამ დიაგნოზს არ გაასაჯაროებს.