უკრაინაში საომარი ვითარება გრძელდება.

რუსული ჯარი მშვიდობიან მოსახლეობას უტევს. გუშინ ოკუპანტებმა იერიში სამშობიარო სახლზე მიიტანეს. უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რადიო ,,ძველი ქალაქის’’ ეთერში ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’ არსებული ქალთა კლუბის თავმჯდომარემ, მარიკა ვაჭარაძემ ისაუბრა.

მარიკა ვაჭარაძის თქმით, ის რაც უკრაინაში დღეს ხდება, მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ ხდებოდა და რუსული ოკუპაცია მალე უნდა დასრულდეს.

,,სამედიცინო პუნქტი მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ დაუბომბავთ. რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას შეუტიეს. Ჩაცხრილეს მანქანები, სადაც ეწერა, რომ ბავშვები გადაჰყავდათ, დანაღმეს მწვანე ზონები. სისასტიკეა იქ, სადაც რუსული ოკუპაცია ცდილობს ფეხი მოიკიდოს. ამ ოკუპაციის დასრულების იმედი მაქვს,’’-ამბობს მარიკა ვაჭარაძე.

მარიკა ვაჭარაძემ ასევე საბრძოლო ვითარებაში ქალების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უკრაინელმა ქალებმა მსოფლიოს თავგანწირვის საოცარი მაგალითი აჩვენეს. მისი თქმით, თავდაცვის სისტემაში ქალთა აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია საქართველოშიც.

,,უკრაინელი ქალების 17% მამაკაცების გვერდით იბრძვის. ქალები უსაფრთხოებაში არის ყველაზე პოპულარული თემა, აუცილებელია ამ სფეროში მეტი ქალი ვიხილოთ, რადგან ისინი მშვიდობაზე არიან ორიენტირებულნი. მიხარია, რომ ქუთაისში გვაქვს კადეტთა ლიცეუმი, სადაც გოგონებს თავდაცვის სფეროში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ. სახელმწიფო ქალთა თავდაცვის სისტემაში ჩასართავად მთელ რიგ ღონისძიებებს უნდა ატარებდეს, რადგან ქვეყნის, რომლის 20% ოკუპირებულია, პრიორიტეტი თავდაცვა უნდა იყოს. სახელმწიფო თავდაცვის გაძლიერებისთვის მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს. ჩვენს ქვეყანაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, ამ სფეროს პოპულარიზების მიზნით, არ ტარდება კამპანიები, რაც ცუდია. მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა: 2008 წლის ომის შემდეგ რამდენად მოვამზადეთ საზოგადოება, თუნდაც ინფორმირებულობის კუთხით იმის შესახებ როგორ მოვიქცეთ საომარს ვითარებაში? ’’-ამბობს მარიკა ვაჭარაძე.

რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. გუშინ, 9 მარტს რუსულმა სამხედრო ძალებმა მარიუპოლში სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *