უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მოლაპარაკების მიზნით ერთმანეთს თურქეთში, ანტალიაში შეხვდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხს.
„კულებასთან დღევანდელ შეხვედრაზე ამ თემას შევეხეთ. მას შევახსენე, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ შეხვედრის მომხრე, თუკი ამით პრობლემის მოგვარებას შევძლებთ. 2014 წლის ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უკრაინის ხელმძღვანელობა უპირატესობას ანიჭებს შეხვედრას შეხვედრისთვის. მათ ტელეკამერების წინ ურჩევნიათ კონკრეტული გადაწყვეტილებების სიმულაცია. ჩვენ დღეს დავადასტურეთ, რომ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს,’’-აცხადებს სერგეი ლავროვი.
სერგეი ლავროვი სიყალბეს და მანიპულაციას უწოდებს სამშობიაროს დაბომბვის ფაქტს. მისი თქმით, 7 მარტს, 3 დღის წინ, გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთმა წარადგინა ფაქტები, რომ ეს სამშობიარო დიდი ხნის წინ დაიკავეს ულტრარადიკალებმა და იქიდან ყველა გამოყარეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას აცხადებს, რომ რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ვერ შედგა.
მისი თქმით, ლავროვთან განხილვის თემა იყო მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა, თუმცა შეთანხმება ვერც ამ თემაზე მოხერხდა.
დმიტრო კულება ამბობს, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მან მოისმინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მიბმულია იმ მოთხოვნების შესრულებასთან, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მხარეს წაუყენა. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა არ დანებდება და კაპიტულაციას არ გამოაცხადებს.
,,ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, ვეძებთ დიპლომატიურ გამოსავლებს, მაგრამ სანამ ის არ არის, ჩვენ თავგანწირვით, საკუთარი სიცოცხლის გაწირვით დავიცავთ ჩვენს მიწას, ჩვენს ხალხს რუსეთის აგრესიისგან,“- განაცხადა დმიტრო კულებამ.