საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის მიმართ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისი თქმით, ეს მხოლოდ საქართველოს ინტერესებს დააზარალებს და ამიტომ გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღეს.
,,მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით. მე არაფერს გავაკეთებ, არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, -აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს.
,,მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს. უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა, ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. არაფრის მომცემი, პირიქით, ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს”,-აცხადებს პრემიერ-მინისტრი.