ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, აქციას მართავენ.

ისინი,  სიმბოლურად, დონეცკის ქუჩაზე შეიკრიბნენ, რითაც ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას გაუსვეს ხაზი. აქციის მონაწილეებმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს და დაგმეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას რუსეთის სანქცირებაზე. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მათ პოზიციას არ გამოხატავს და ისინი უკრაინის მთავრობას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი რამდენიმე წუთში დონეცკის ქუჩიდან მოედნის მიმართულებით დაიძრებიან და მსვლელობას გამართავენ.

,,ქუთაისი პატარა ქალაქია, მაგრამ ის ყოველთვის იდგა იქ, სადაც საჭირო იყო მოქმედება და მხარდაჭერა. ამ მოტივით იკრიბება საზოგადოება , რომელსაც უნდა მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ,”-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ მელაძე.

,,ასეთი კონსოლიდირებული მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არასდროს ყოფილა, ამ დროს ჩვენი ხელისუფლება სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს. მთავრობამ უარი თქვა რუსეთის სანქცირებაზე. დიდ ბოდიშს ვუხდით უკრაინელ ხალხს და გამოვხატავთ სოლიდარობას მათ მიმართ,”- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი იმედა ონიანი.

უკრაინაში ვითარება დღითიდღე იძაბება. მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს. ამ ყველაფრის ფონზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის სანქცირებაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *