პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ე.წ პაემნის უფლება შეუზღუდა.
ოჯახის წევრებს ექსპრეზიდენტის მონახულება მხოლოდ თვეში ერთხელ შეეძლებათ.
რა გახდა ამის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
თავად მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულს უკრაინის პროკურტატურის მიერ მის დაზარალებულად ცნობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია ეს საქმეც უკრაინის პროკურატურის ან “უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში” აღძრულ საქმეებს დაემატება.
,,ხომ დავწერე, რომ უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა, კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება. რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე”, -ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, 10 თებერვალს უკრაინის პროკრატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო. საქმე ეხება ექსპრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანას, სადაც სავარაუდო წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა იკვეთება.