საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ომიკრონის დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, სწორედ ამიტომ პრემიერის თქმით ,,მწვანე პასპორტის’’ აუცილებლობა არ დგას.
როგორც მან აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება.
ამის მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაციისთვის წამახალისებელ კამპანიას აგრძელებენ.
„ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი – მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება,’’-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით მავნებლობას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამით ანტივაქსერებს ახალისებს.
,,როგორც ჩანს, პრემიერი ვერ აცნობიერებს, რომ ვაქცინა არის იმისთვის, რომ სიკვდილიანობა შემცირდეს და ინფიცირების შემთხვევაში ადამიანებმა ვირუსი მარტივად გადაიტანონ. მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით საუბარი ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ აღიქვამს ვითარებას ადეკვატურად. პრემიერის ეს განცხადება ახალისებს ანტივაქსერებს და იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ სრული ინფორმაცია რა საშიშ ვირუსთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.