20 ნოემბერს, ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს, ,,დროას’’ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც ასევე შიმშილობს და ყველა მოშიმშილე ადამიანს. აქციის მონაწილეები ქუთაისის მცხოვრებლებს მოუწოდებენ, გამოხატონ სოლიდარობა განვითარებული მოვლენების მიმართ.
აქცია 11 საათზე, მესხიშვილის თეატრთან გაიმართება.
,,ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც გამოწვეულია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხანგრძლივი შიმშილობით, მასთან ერთად ოთხი შვილის დედის, პარლამენტარ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, მოშიმშილე მხარდამჭერების რაოდენობის ზრდით და ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი გულგრილობისა და არაადეკვატური შეფასებების გამო, ვმართავთ სოლიდარობის აქციას.
საინიციატივო ჯგუფი მოგიწოდებთ ქუთაისში მცხოვრებ თითოეულ მოქლაქეს, განსაკუთრებით ქალებს, გამოხატოთ სოლიდარობა საქართველოში განვითერებული მოვლენებისადმი, შემოგვიერთდეთ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე და მოვუწოდოთ ხელისუფლებას გადადგას გონივრული ნაბიჯი, უზრუნველყოს მესამე პრეზიდენტისთვის და “დროას” თავმჯდომარისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება!,’’-წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.