,,ქართული ოცნების’’ წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის კვლევა “ამაზრზენი და არასანდოა”.
მისი თქმით, ობდუსმენი კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელია, რაც უხერხულია.
Რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ტექნიკურად უზრუნველყოფილია და ამიტომ ექსპრეზიდენტის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ დგას.
„იქნება ეს ტექნიკური აღჭურვილობა თუ პერსონალი, ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არის და ერთადერთ მიზეზად დასახელებულია, რომ თითქოს ეს აღჭურვილობა ახალია და ამიტომ არ შეიძლება იქ დატოვება. ეს ამაზრზენი და არასანდო კვლევაა,’’-აცხადებს რატი იონათამიშვილი.
17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ექიმების დასკვნის მიხედვით, ამ პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.