პარტია ,,ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” ქუთაისის საკრებულოს სიის პირველმა ნომერმა, გიორგი ონიანმა ქუთაისში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა.
ონიანი ამბობს, რომ იმ მრავალ პრობლემათა შორის, რომლის წინაშეც ქუთაისი დგას, არის: ნიკეას ნაგავსაყრელის პრობლემა და ტრანსპორტის საკითხი.
გამარჯვების შემთხვევაში, ონიანი საკრებულოში ამ მიმართულებით აპირებს მუშაობას.
მისი თქმით, ნიკეას ნაგავსაყრელზე არსებული ანტისანიტარია მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
“ნიკეას ნაგავსაყრელის პრობლემა წლებია აწუხებს მოსახლეობას. დამტკიცებულია, რომ მისი იქ არსებობა საფრთხეს უქმნის ხალხს, როგორც ანტისანიტარიის, ისე ჯანმრთელობის მხრივ, რაც იმით დასტურდება, რომ ნაგავსაყრელის ახლომდებარე მოსახლეობაში მომატებულია ონკოლოგიური დაავადებები. ყველა მთავრობა, რაც აქამდე იყო, გვპირდებოდა, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა ვხედავთ, რომ პრობლემა პრობლემად რჩება. მესმის, რომ ერთ დღეში ვერ გადაწყდება ეს საკითხი, მაგრამ ინტენსიური მუშაობა თუ არ დავიწყეთ ამ მიმართულებით, არაფერი შეიცვლება.
პარტია ,,ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” ქუთაისის საკრებულოს სიის პირველმა ნომერმა, ქალაქის შიდა ტრანსპორტის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქალაქო ტრანსპორტი სრულად მუნიციპალური უნდა გახდეს.
“არსებული სატრანსპორტო პოლიტიკა, სრულიად მიუღებელია მოსახლეობისთვის. აუცილებელია მოხდეს თბილისის მოდელის დანერგვა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქალაქო ტრანსპორტი მთლიანად მუნიციპალური უნდა გახდეს. ასევე უნდა დაინერგოს ელექტრონული ბარათით მგზავრობა, რის საშუალებითაც, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ერთხელ გადახდის შემდეგ, საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მუნიციპალური ტრანსპორტით. ეს ამ პანდემიის დროს, დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის.”- გორგი ონიანი