,,არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება!”
ამ ლოზუნგით, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მომუშავე მედია საშუალებების, არასამთავრო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი შეიკრიბა და სოლიდარობა გამოუცხადა, გუშინ, 5 ივლისს, თბილისში დაზარალებულ, ნაცემ ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს. აქციის მონაწილეებმა თბილისში, გუშინ განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს, როდესაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
,,ეს პირველი არ არის, რაც ხდება მედიის წარმომადგენლების მიმართ, ხშირად გაგვიმართავს სოლიდარობის აქცია ჟურნალისტების მიმართ. თუ აქამდე საუბარი იყო ერთ ან ორ ჟურნალისტზე, უკვე მთელს მედია კორპუსს დაესხნენ თავს . მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს: ჟურნალისტი მთელს მსოფლიოში არის ხელშეუხებელი, ომშიც კი დაცულები არიან. როცა ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და აქციას აშუქებენ, მაქსიმალურად დაცულნი უნდა იყვნენ. იქნებ ეს რაიმე ფორმით მიაწოდოთ ჩვენს ხელისუფლებას,” -ამბობს ჟურნალისტი, ქეთევან ბერძენიშვილი.