,,თბილისი პრაიდის’’ გადაწყვეტილებით, ,,ღირსების მარში’’ დღეს არ გაიმართა.
როგორც პრაიდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილების მიზეზი შექმნილი ძალადობრივი გარემო და ხელისუფლების უმოქმედობა გახდა. მათი განცხადებით, მთავრობამ არ უზრუნველყო აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, არ დაიცვა მათი გამოხატვის თავისუფლება, რის გამოც იძულებულნი გახდენ პრაიდი არ ჩაეტარებინათ, მაგრამ მათივე განცხადებით, ბრძოლა ღირსებისთვის მაინც გაგრძელდება.
კვირეული, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად 1-ლი ივლისიდან დაიწყო და დღეს, 18:00 საათზე უნდა დასრულებულიყო, ძალადობის, დაშინების და მუქარის ფონზე მიმდინარეობდა. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ქვიარ ადამიანებსა და მათ მხარდამჭერებს თავს ესხმოდნენ. საპასუხოდ ხელისუფლება, თავის შეკავებისკენ თავად აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ღირსების მარშის უკან სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია იდგა, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის შეტანა იყო და ხელისუფლება ამას არ დაუშვებდა. ქვეყანაში შექმნილი დაპირისპირებიდან გამომდინარე რამდენად ადეკვატურია სახელმწიფო მეთაურის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადება, რას აკეთებს სახელმწიფო ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად, მათი უსაფრთხოების და გამოხატვის უფლების უზრუნველსაყოფად?-ეს არის კითხვა, რომელიც ჩვენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორს დავუსვით. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება არ აღასრულებს კონსტიტუციას, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს დაიცვას ნებისმიერი ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება.
,,ხელისუფლება თავისი უპასუხისმგებლო განცხადებებით ძალადობას ახალისებს. აღშფოთებული ვარ! იმის მაგივრად, რომ მთავრობამ კონსტიტუცია დაიცვას და ველურების თარეში ალაგმოს, მსხვერპლს მოუწოდებს მოძალადე არ გააღიზიანოს. ეს კატასტროფაა! ესენი სამოქალაქო ომისკენ მიგვაქანებენ, რაც პირველ რიგში, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ თუ ავირევით და ერთმანეთს დავერევით, ეს პირველ რიგში, მტერს გაუხარდება. ეს ხალხი უკვე რამდენიმე კვირაა აანონსებს, რომ ღირსების მარშს არ დაუშვებენ. ხელისუფლებამ იცის, რომ მოსალოდნელია დაპირისპირება და ამ დროს არაფერს აკეთებს. ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა საკუთარი უფლების დაცვასაც ნიშნავს, რადგან დღეს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო გაუტეხენ თავს ადამიანს, ხვალ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების,ზეგ თვალის ფერის გამო და ა.შ. ველურის მთავარი ინსტიქტი ხომ ისაა, რომ სუსტი დაჩაგროს. ამიტომ მთავრობა უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს,’’-ამბობს ,,ევროპული საქართველოს’’ წევრი, ამირან ძოწენიძე.
ხელისუფლების წახალისებულად მიიჩნევს ლგბტ ადამიანებზე და მათ მხარდამჭერებზე განხორციელებულ თავდასხმას ,,ლეიბორისტული პარტიის’’ წევრი, ირაკლი კიკვაძეც. პოლიტიკოსის მოსაზრებით, ხელისუფლება ქართველი ხალხის პოლარიზებას და ორად გახლეჩას ცდილობს, რადგან დაპირისპირებული და ორ ნაწილად გაყოფილი საზოგადოება მარტივად სამართავია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ,,თბილისი პრაიდის’’ უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას, ის აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების’’ იდეოლოგიური პოსტულატით, ყველაფერი, რაც ხელისუფლებას უპირისპირდება, ოპოზიციის მიერ არის მართული და სხვა ჯგუფებს აზრი არ გააჩნიათ, რაც ლოგიკას არ შეესაბამება.
,,მონაციონალისტო ჯგუფები, რომლებიც თავს ღირსების დამცველ ვაჟკაცებად ასაღებენ, სინამდვილეში ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფები არიან. ამ ადამიანებს ღირსებასთან და ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვთ. მოქმედ ხელისუფლებას არიან დაქვემდებარებულნი და ვხედავთ იმ მარაზმსა და ანტიქრისტიანულ ქმედებებს, რაც თბილისის ქუჩებში ხდება. ხელისუფლება ხელს უწყობს დაპირისპირების გაღვივებას. მისთვის ხელსაყრელია საზოგადოების წაკიდება და ვიღაცების მტრებად და მოკეთეებად გამოყვანა. ხელისუფლება თითქოს არც მწვადს წვავს და არც შამფურს.,ერთის მხრივ, ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებს, მეორე მხრივ კი ლგბტ ადამიანებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აქციებისგან. ისინი ფიზიკურადაც და მენტალურადაც ბრუტალურ, მონაციონალისტო ჯგუფებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე საზოგადოებასთან. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ ის, რაც დღეს რუსთაველზე ხდება, არც მორალურ არც პოლიტიკურ, არც რელიგიურ და არც ადამიანურ ნორმებში არ ჯდება,’’-ამბობს ირაკლი კიკვაძე.
განხორცილებულ ძალადობაში ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი გიგა შუშანიაც. მისი თქმით, პრაიდის დარბევის პოლიტიკური მიზნები იმ კარვების დარბევაშიც გამოიხატა, რომლის ორგანიზატორებიც ლგბტ აქციასთან კავშირში არ იყვნენ და მხოლოდ ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ.
,,თუ პროცესი პოლიტიკურად მართული არაა, რატომ დაარბიეს კარვები? რა შუაში იყო ეს კარავი ლგბტ აქციასთან? ან მაინცდამაინც ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებს რატომ დაესხნენ თავს? -სვამს კითხვას გიგა შუშანია.
ლგბტ ადამიანების უფლებების, მათი გამოხატვის თავისუფლების დაცვაში სახელმწიფოს როლზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო სექტორი:
,,აქ არ არის ერთ ჯგუფზე საუბარი, აქ ხელისუფლების განწყობები ჩანს, რომელიც ძალადობას ახალისებს. მათი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ ხელისუფლება აგრესიულ ძალებს სიტუაციის დასალაგებლად იყენებს, ამის მაგალითი კარვების ქალაქის დარბევაა, რომელსაც ლგბტ აქციასთან კავშირი არ აქვს და არჩევნებს აპროტესტებს. ნებისმიერი სხვა ჯგუფი რომ გამოვიდეს და რომელიმე პარტიის ან ორგანიზაციის ოფისს ქვა ესროლოს, რა მოხდება? იქნება წყლის ჭავლები, დაპატიმრებები და ა.შ. ასეთი პროცესების წახალისება ცუდ შედეგს იძლევა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჯგუფის დაცვაზე, მთლიანად საზოგადოებაა დაუცველი,’’-ამბობს ,,ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის’’ ხელმძღვანელი, ხვიჩა ვაშაყმაძე.
,, სახელმწიფოს მთავარი მისიაა აღასრულოს კონსტიტუცია და ყველა ადამიანის უფლება თანაბრად იყოს დაცული. მსგავსი ძალადობრივი ინციდენტების დროს სახელმწიფოს აკისრია როგორ პრევენციული, ისე საპასუხო ღონისძიების გატარების ვალდებულება. როცა დაგეგმილია ღონისძიება, რომელიც შეიცავს გარკვეულ რისკებს, სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება დაიცვას მშვიდობა და წესრიგი. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ორივე მხარის უსაფრთხოება. ორივე მხარეს აქვს უფლება გამოხატოს აზრი, მაგრამ ეს გამოხატვა არ უნდა იყოს აგრესიულ ფორმებში, რადგან აზრის გამოხატვა იქ სრულდება, სადაც ძალადობა იწყება. სახელმწიფო უნდა იცავდეს კონსტიტუციას, რომელიც თანაბარ გამოხატულებას აღიარებს. მეორე კომპონენტია, რომ სახელმწიფომ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომ მხარებმა ითანამშრომლონ, რადგან ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ და თუ საერთო ენა ვერ ვიპოვეთ, ძალიან გაგვიჭირდება,’’ -ამბობს ,,თაობათა დიალოგის’’ თავმჯდომარე, ნუგზარ კოხრეიძე.
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმაც, რომელმაც შსს-ს მოუწოდა სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე. ის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა:
,,პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა’’-წერია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
p.s. დღეს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოსხნეს ლგბტ თემის დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. იქამდე, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს.