ქუთაისში პროექტის ,,ჩართულობა დასაქმებისთვის” პრეზენტაცია გაიმართა,
რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების დასაქმებას ემსახურება. პროექტის ავტორი ჯულიეტა ფხაკაძე ხუთ ადამიანს დაასაქმებს, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს დაამზადებენ. ბენეფიციარები უკვე შერჩეულია.
,,ხუთი ადამიანი პროექტის ფარგლებში ხუთი თვის განმავლობაში დასაქმდება. ბენეფიციარები იმის მიხედვით შევარჩიეთ, ვის უკეთ გამოსდიოდა ხელნაკეთი ნივთების დამზადება. მათთვის მასალას შევიძენ. გამოფენა დეკემბერში გვექნება,”-ამბობს პროექტის ავტორი, ჯულიეტა ფხაკაძე.
ნინო ჯანაშია ერთ-ერთია იმ ხუთ ბენეფიციარს შორის, რომლებიც პროექტის ფარგლებში დასაქმდებიან. ნინო დიდი ხანია ქარგავს. ამბობს, რომ მსგავსი პროექტები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების სოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია.
,,მიხარია, რომ ჩვენს საჭიროებებს ითვალისწინებენ, ყურადღებას გვაქცევენ. გვჭირდება სამსახური, რათა გარეთ გამოვიდეთ, რათა დამოუკიდებლები ვიყოთ და თავი სრულფასოვან მოქალაქეებად ვიგრძნოთ,”-ამბობს ნინო ჯანაშია.
პროექტს ქუთაისის მერია აფინანსებს. მისი ღირებულება 10 ათას ლარს შეადგენს. პროექტი ივნისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.