ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შპს “პარკინგსერვისი” უნდა
გააუქმოს. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევაში წერია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს სწორედ იმიტომ შექმნა, რომ ქუთაისში პარკინგი მოეწესრიგებინა და მუნიციპალურ ბიუჯეტს შემოსავალი მიეღო, თუმცა, ვერც ერთი ამოცანა ვერ შესრულდა.
“შპს “პარკინგსერვისის” წლიური ხარჯი საშუალოდ 450 ათას ლარია და ამ ფასად ის მოქალაქეებისგან საშუალოდ 252 ათასი ლარის ჯარიმის მობილიზებას ახდენს. მოქალაქეების მიერ პარკინგში ჯარიმის სახით გადახდილი ყოველი 1 ლარი, გადასახადის გადამხდელებს დამატებით 1,80 ლარი უჯდებათ. კომპანია შექმნის დღიდან ვერც ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს და ვერ იხდის მისთვის გადაცემული ქონების იჯარის საფასურს. ამის გამო ქალაქის მერიამ გააუქმა იჯარის ხელშეკრულება და შპს-ს ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცა, ხოლო არასრულად დაანგარიშებული იჯარის თანხა და პირგასამტეხლო, ჯამში 1,784,890 ლარი, 10 წელზე გადაუნაწილა,”-ნათვქამია ორგანიზაციის კვლევაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს როგორც შპს “პარკინგსერვისის” საქმიანობა, ასევე ამ კომპანიისა და მერიის ურთიერთობა, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმე სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცეს.
ორგანიზაციას ქუთაისის მერიაში უპასუხეს.
,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს”” მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შპს ,,პარკინგსერვისი”” წარმოადგენს არარენტაბელურ კომპანიას და ქუთაისის მუნიციპალიტეტმა უნდა უზუნველყოს აღნიშნული შპს-ის გაუქმება. შპს “პარკინგსერვისი” ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2015 წელს დაფუძნდა და 100% წილის მფლობელი არის ქუთაისის მერია. ,,პარკინგსერვისის”” შემოსავლებს წარმოადგენს მხოლოდ პარკირების საფასურიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო გამოწერილი საჯარიმო ოქმებიდან ან/და მასზე დაკისრებული საურავებიდან მიღებული შემოსავალი აისახება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში. შპს ,,პარკინგსერვისის”” ბიუჯეტი შედგება მხოლოდ საკუთარი შემოსავლებიდან, გადახდილი პარკირების საფასურიდან მიღებული შემოსავლებით . ამდენად, შპს ,,პარკინგსერვისი”” არ ფინანსდება არც ადგილობრივი და მით უფრო, არც ცენტრალური ბიუჯეტიდან. მაგალითისთვის: 2020 წელს შპს ,,პარკინგსერვისის”” შემოსავალი შეადგენდა 412 000 ლარს, რომელიც სრულად მოხმარდა კომპანიის ხარჯვით ნაწილს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, კომუნალურ და საშემოსავლო გადასახადებს, თანამშრომელთა სახელფასო ფონდს. იმავე წელს, გადახდილი ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 241 773 ლარი, ხოლო აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი ჯარიმებისა და საურავების თანხა შეადგენდა 90 000-მდე ლარს. ამდენად, მხოლოდ 2020 წელს, შპს ,,პარკინგსერვისის”” მიერ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ შეადგინა 331 773 ლარი. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ 2015 წლამდე, შპს ,,პარკინგსერვისის”” დაფუძნებამდე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში პარკირების საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ყოვეწლიურად შეადგენდა 49 000-მდე ლარს. ამდენად, ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს”” მიერ გავრცელებული ინფორმაცია , შპს ,,პარკინგსერვისის”” არარენტაბელობის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს,”-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მერიის საპასუხოდ ორგანიზაციაში თქვეს, რომ თვითმმართველობა მხოლოდ “გამჭვირვალობის” შეფასებით ნაწილს არ ეთანხმება.
“ჩვენი კვლევა უფრო სიღმისეულია, აანალიზებს „პარკინგსერვისის“ 5 წლის საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით.
რაც შეეხება კომპანიის პასუხს, შპს „ პარკინგსერვისმა“ მის მიერ გავრცელებული განცხადებით დაადასტურა 2020 წლის ის მონაცემები, რაც ჩვენ მოყვანილი გვაქვს კვლევაში. ისინი არ დაეთანხმნენ მხოლოდ ჩვენ შეფასებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასება ეყრდნობა 2016 -2020 წლებში შპს-ს ხარჯებისა და ჯარიმების სახით ბიუჯეტში შეტანილი თანხის შესახებ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის გაანალიზიბეს საფუძველზე მივიჩნიეთ რომ სახეზე გვაქვს არაეფექტური მენეჯმენტი,”-ნათქვამია “გამჭვირვალობის” განცხადებაში.