ქუთაისში ბერა ივანიშვილის მიერ  სახელმწიფო მაღალჩინოსნების დახმარებით სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მერიის წინ შეიკრიბნენ და ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურნენ.  აქციის მონაწილეების თქმით, რეჟიმის ძალადობრივი სახე უკვე აშკარაა და ხელისუფლება დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.

 

,,რეჟიმი შიშველია და მას ძალადობრივი რეჟიმი ჰქვია. მეტი რა უნდა მოხდეს,  რომ ეს დავინახოთ.  აპელირებენ იმაზე, უდანაშაულობის პრეზუმციას ნუ არღვევთო, უდანაშაულობის პრეზუმციის ფენომენი არსებობს მაშინ, როდესაც სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. პროკურატურამ მხოლოდ მიყურადების მუხლით დაიწყო გამოძიება და შინაარსზე კრინტიც არ დაუძრავს. ამას ერთპარტიული მმართველობაც აღარ ჰქვია, მთელი საქართველო ერთი ოჯახის საკუთრებად და მთელი სახელმწიფო ინსტიტუციები ოლიგარქის ოჯახის პრიმიტიული ინსტიქტების დაკმაყოფილბის სააგენტოდ ქცეულა”, -ამბობს ,,ლეიბორისტული პარტიის” წევრი, ირაკლი კიკვაძე

,,ვაპროტესტებთ დაუსჯელობას, ვითხოვთ პრემიერ-მინისტრის -მისტერ ტრიტრის გადაგდომას, რომელიც ბერა ივანიშვილის ხუშტურების შემსრულებლად ქცეულა. ჩვენი შვილების უსაფრთხოება დარღვეულია. თუ ჩვენს შვილებს ბერა არ მოეწონებათ, შეიძლება მთელი სახელმწიფო აპარატი თავს დაესხას, ჩვენ ვიცავთ ჩვენი შვილების უსაფრთხოებას,’’-ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიგა შუშანია.

6 მარტს  TV პირველმა ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი , პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სსდს-ის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას უარყოფით კომენტარებს უწერენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *